საცალო სავაჭრო ობიექტები 2 წელიწადში აღარ იქნება, ფაქტობრივად, ყველა ფრანჩაიზ მოდელზე გადადის. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„გამსხვილება ხდება, მაგალითად, წლის დასაწყისში 3 ბრენდული სუპერმარკეტი გაერთიანდა. ერთ-ერთმა კონკრეტულმა ქსელმა ორი ქსელი შეიერთა, თავისი ფრანჩაიზის მოდელის ქვეშ და რა თქმა უნდა, პირობები გაამკაცრა საკმაოდ,“ - აღნიშნა ჭყონიამ.
Bpn-ის ინფორმაციით, საუბარია, „მაგნიტის“ ფრანჩაიზის ქვეშ სუპერმარკეტების „გვირილას“ და „დეილის“ გაერთიანებაზე.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ბიზნესპრესნიუსი“ „გვირილას“ მფლობელ ლაშა ჩოჩელსაც დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას ინფორმაცია გაერთიანების შესახებ არ უარყო და აღნიშნა, რომ „სამი ქსელის სახელით უახლოეს მომავალში გაკეთდება განცხადება - თუ რა დონის თანამშრომლობას გეგმავენ“.