გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა.
„ეს არის პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია, რომელიც უკავშირდება ცნობილი მეცნიერის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს. ვაშლოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამუხის ველზე ქურციკების შემცირებული პოპულაციის აღდგენისა და მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია დაცული ტერიტორიის შექმნა, რათა ქურციკების პოპულაციის აღდგენა და გამორჩეული კონსერვაციული ღირებულების მქონე ბიომრავალფეროვნების ფორმირება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მეორე პროექტი, რომელიც კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - რაჭის დაცული ტერიტორიები, რომელშიც დაცული ტერიტორიების ორი კატეგორია შევა: რაჭის ეროვნული პარკი და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (ე.წ. დამხმარე ზონა). კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელზეც დღეს კომიტეტმა მესამე მოსმენით იმსჯელა, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვას ითვალისწინებს.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, მესამე მოსმენისთვის ცვლილება შევიდა სათაურში, სადაც ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები ჩაიწერა.
„მისასალმებელია, რომ მიმდინარეობს დაცული ტერიტორიების დაარსება. განსაკუთრებით მივესალმებით ისეთი ტერიტორიების შექმნას, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება ჩართული მართვაში, რაც ძალიან კარგი ეფექტის მომცემი იქნება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. კომიტეტმა სამივე პროექტს დაუჭირა მხარი.