შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დაწყებულია და არაერთხელ განვმარტეთ, რომ ეს დამოკიდებულია არა მთავრობის ან რესტორატორის თუ სხვა ბიზნესის წარმომადგენლის ნებაზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის გავრცელებასთან, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ვიცე–პრემიერის თქმითვე, სამი ქალაქის გარდა, ორშაბათიდან, პრაქტიკულად ყველა ქალაქში, აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და სკოლებში სწავლის პროცესი. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში განახლდა სხვადსხვა პროფილის მაღაზიების მუშაობა.
„ყველამ ერთად პატივი უნდა ვცეთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და უნდა ვიცოდეთ, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეუსაბამოა ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან და გამოიწვევს ვირუსის გავრცელების ზრდას. ვინც არ დაემორჩილება რეგულაციებს, მთავრობის მხრიდან მიღებული იქნება შესაბამისი ზომები და ეს ეხება ნებისმიერი სუბიექტს, ეს იქნება მოქალაქე თუ იურიდიული პირი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.