ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საყურადღებოა იმ ადამიანების ყოფა და კომფორტი, ვინც ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის არეალში ცხოვრობს. უკლებლივ ყველგან ვასრულებთ ვალდებულებებს და განსაკუთრებით იმ პროექტებში, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურა მოქმედებს. ასეთ შემთხვევებში მოგვეთხოვება დავაკმაყოფილოთ ადამიანების არა მარტო საცხოვრებელი, არამედ მისი ცხოვრების წესის შეცვლის საკომპენსაციო ღირებულებაც, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის წევრ ბექა ნაცვლიშვილის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც თბილისი-რუსთავი საგზაო პროექტს ეხებოდა.
„სწორედ მოსახლეობასთნ შეუთანხმებლობა და ხშირად მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაც იყო მიზეზი იმისა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა სრული მოცულობით. იქ მცხოვრებთა ნაწილმა საცხოვრებელ ფართში საბაზროზე 3-ჯერ უფრო მაღალი ფასის მიღების სურვილი გამოთქვა. რა თქმა უნდა, ასეთი სახით შეთანხმება ვერ შედგა და სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, პროექტის შესრულება დაახლოებით 3 კმ-იან ზოლში ვერ ხერხდება. ვფიქრობ, ორივე მხარემ, ჩვენც და მოსახლეობამაც დამატებითი კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. რაც შეეხება პროექტის იმ ნაწილს, რომელიც უკვე განხორციელებულია, მისი ექსპულატაციაში შეყვანა რა თქმა უნდა შესაძლებელია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.