„მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება, აბონემენტები მიებას საბანკო ბარათს და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის პროგრამა, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია“, — ამის შესახებ დაპირება თბილისი მერმა კახა კალაძემ მარტის ბოლოს გააკეთა.
ოთხის თვის წინ, თბილისის მერი იმასაც შეგვპირდა, რომ ახალი გაძვირებული სამგზავრო ულიმიტო აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმის დეტალებს უახლოეს დღეებში გაგვაცნობდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
„კომერსანტმა“ გადაწყვიტა გაერკვია რეალურად როდის შეეძლებათ მგზავრებს სამგზავრო აბონემენტის მიბმა საბანკო ბარათზე და რატომ ვერ განხორციელდა პროექტი დაპირებულ ვადაში.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე ბანკთან მოლაპარაკებები, რაც ძალიან მალე უნდა დასრულდეს. თბილისის მერის დაპირების მიუხედავად, რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე მოლაპარაკებების პროცესი, ამ საკითხზე საუბარს მერიაში თავს არიდებენ.
სამგზავრო ბარათები და გადახდის ახალი სისტემა პირველ თებერვალს ამოქმედდა. ერთჯერადად მგზავრობის ღირებულება კი 1 ლარი გახდა.
ულიმიტო ბარათების საფასური მისი გამოყენების პერიოდზეა დამოკიდებული:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი — 1 ლარი;
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი — 3 ლარი;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი — 20 ლარი;
- ულიმიტო 1-თვიანი ბარათი — 40 ლარი;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი — 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი — 150 ლარი;
- ულიმიტო 1-წლიანი ბარათი — 250 ლარი.
ბარათების შეძენა თბილისის მეტროს სალაროებში და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებშია შესაძლებელი. რაც შეეხება შეღავათიან მგზავრობას, ეს კვლავ ძალაში რჩება და საფასური ისევ 20 თეთრია.
ნინო თამაზაშვილი