სამომხმარებლო ფასები მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით გაიზარდა. მათ შორის ყველაზე მეტად 22%-ით სურსათი გაძვირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
უკვე მეთერთმეტე თვეა, რაც ქვეყანაში უწყვეტი ორნიშნა ინფლაციაა. ბოლო 12 თვეში სამომხმარებლო კალათა საშუალოდ 12.7%-ით გაძვირდა. ტენდენცია მზარდია. თუ მარტში ინფლაციის განაკვეთმა 11.8% შეადგინა, აპრილში ის 12.8%-მდე, მაისში კი 13.3%-მდე გაიზარდა.
სურსათის გაძვირებამ ინფლაციაზე 6.88%-ით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 51%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები 34.5%-ით, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 23.5%-ით, ხილი 23.3%-ით, თევზეული 19.4%-ით, ზეთი და ცხიმი 17.7%-ით, ყავა და ჩაი 16.8%-ით, ყველი 16%-ით, შაქარი და ტკბილეული 15.4%-ით.
საკვების გარდა ფასები 20%-ით ტრანსპორტზე, 16.1%-ით კი საცხოვრებელზე, წყალსა და ელ.ენერგიაზე.
მთავრობა და ეროვნული ბანკი გაზაფხულიდან ინფლაციის შემცირებას მოელოდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ყველაფერი საპირისპირო სცენარით შეცვალა. უკვე მეორე წელია რაც ქვეყანაში ნომინალური ხელფასებისა და პენსიების ზრდის ტემპი ინფლაციას ვერ ეწევა, რაც ადამიანების რეალური შემოსავლების კლებას ნიშნავს.