გორში თევზის გადამამუშავებელი ქარხანა 2022 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება. წარმოებული პროდუქტი ,,ქართული ორაგულის“ სახელწოდებით გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზეც გავა. ქარხანაში ქართული ხიზილალის წარმოებაც გახდება შესაძლებელი.
კალმახის და ორაგულის ხიზილალის გადამუშავება მეწარმე კახაბერ აბაზაშვილმა გორში 8 წლის წინ დაიწყო და პროდუქტით ძირითადად თბილისს ამარაგებს. ამ ეტაპზე წარმოება გადაინაცვლებს თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში, რომლის დამფუძნებელიც სწორედ კახაბერ აბაზაშვილია.
,,ამ ეტაპზე ძირითადად კალმახსა და ორაგულს ვაწარმოებთ, ვამზადებთ ასევე 100%-ით ნატურალურ, მაღალი ხარისხის ხიზილალას, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. 130 საკალმახეს ვფლობთ, ხიზილალას წარმოება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა ხალხს ეგონა, რომ ამის შესაძლებლობა საქართველოში ნაკლებად იყო. ჩვენ საპირისპირო დავამტკიცეთ. საკმაოდ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევქმენით, რომელსაც მთლიანად აადგილობრივ ბაზარსა და თბილისში ვყიდით. ქარხნის ამუშავების შემთხვევაში, მთელ საქართველოს მოვიცავთ და პროდუქტს ექსპორტზეც გავიტანთ ბრენდით ,,ქართული ორაგული“. ახალ ქარხანასაც ეს სახელი დაერქმევა“, - ამბობს კახაბერ აბაზაშვილი ,,კომერსანტთან“.
პროექტი სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარს შეადგენს.
როგორც ბიზნესმენი ამბობს, ქარხანაში შესაძლებელი იქნება ფილეს და თევზის სხვა პროდუქტების წარმოება. წლიურად იგი დაახლოებით 150-170 ტონა თევზს გადაამუშავებს (დღეში საშუალოდ 5 ტონა), ხიზილალას შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 7-8 ტონამდეა ნავარაუდევი.
,,ქართული ორაგული“ საწყის ეტაპზე 25 ადამიანს დაასაქმებს.
მარი ჩიტაია