მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატების მომზადებული ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად მიღებულია და რეესტრიც რამდენიმე თვეში გაჩნდება და ამ რეესტრით გახდება ცნობილი, ვისი დაფინანსებით დაიბლოკა ნამახვანჰესის მშენებლობა.
„შეგახსენებთ იყო ნამახვანჰესის მშენებლობის თემა და კონკრეტული უცხოური წყაროებიდან, შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება სხვა, იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვაში. რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს, ეს იყო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ უზრუნველყოფა. ეს იყო მთავარი მიზანი.
მე არ გავუსწრებ მოვლენებს, რამდენიმე თვეში... რუსულიც იყო, მაგრამ არარუსულიც იყო. როდესაც დაიდება რეესტრი, იქ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით ვინ საიდან ფინანსდებოდა და რისთვის ფინანსდებოდა, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება ჩამოიყალიბებს აზრს, ვის ინტერესში შედიოდა ამ ჰესის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.