მალტის უმსხვილესი სასტუმროები, მათ შორის Hilton, სტუმრებზე ერთჯერად ჰიგიენურ საშუალებებსა და წყლის ბოთლებს აღარ გასცემენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ გზით პლასტმასის ნარჩენების რაოდენობას შეამცირებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
შამპუნს, შხაპის გელსა და კრემებს მხოლოდ სპეციალური დისპენსერებით გამოიყენებენ, რომლებიც საშხაპეებში დამონტაჟდება, ხოლო სასმელ წყალს სტუმრები მხოლოდ ქულერი აპარატებით ჩამოასხამენ, რაც, სასტუმროს მუშაკების გამოთვლით, დღეში 800 ბოთლის გამოყენებას შეამცირებს.
სასტუმროს პერსონალი ნარჩენების მართვაზე სპეციალურ ტრენინგს გაივლის. მაგალითად, დამლაგებლებს შეასწავლიან, თუ რა შემთხვევაშია შეუძლიათ, ხელთათმანები არ გამოიყენონ.
უახლოეს მომავალში მსგავსი შეზღუდვები საბერძნეთისა და კვიპროსის უმსხვილეს სასტუმროებშიც დაწესდება. საერთო ჯამში, მალტის, საბერძნეთისა და კვიპროსის სასტუმროების ინოვაციის შედეგად, ექსპერტები ორ ტონამდე პლასტმასის ნარჩენების „დაზოგვას“ ვარაუდობენ.
ეს ზომები პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო ევროპული სტრატეგიის ნაწილია. 2030 წლისთვის ევროკავშირში პლასტმასის ყველა შეფუთვა გადამუშავდება ან მრავალჯერადი გამოყენების გახდება.
მიმდინარე წლიდან მალტამ ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების გაყიდვა შეწყვიტა. მათ შორის არის საკვების შეფუთვები, ბამბის ჩხირები, ერთჯერადი ჭურჭელი და ბუშტების ჯოხები. დამრღვევი მოვაჭრეები 2,5 ათას ევრომდე ჯარიმდებიან.