მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტი, რაც ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას გულისხმობს. კერძოდ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და ძრავის უქმ სვლაზე 0.55% გახდება.
ასევე 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბელებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდება.
ცვლილებების შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვაჟა იორდანიშვილის თქმით, ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლის მიზნით წელს დიდ ქალაქებში სპეციალური ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც გზებზე ამ მიმართულებით კონტროლს განახორციელებენ.
„2023 წლის 1 იანვრიდან გამონაბოლქვის ნორმა მკაცრდება, მეორე ცვლილება კი ეხება ხმაურის დონის შემოწმებას. იმ შემთხვევაში თუ ინსპექტირების პროცესში შემმოწმებელს ეჭვები დაებადა ხმაურის მომატებულ დონესთან დაკავშირებით, გადამოწმება მოხდება ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც ზომავს დეციბელებს.
პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ეს უფრო არის მაყუჩის პრობლემები და ძირითადად ეხება უფრო ე.წ სპორტულ სტილში გადაკეთებულ ავტომობილებს, რომელიც განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება ღამის საათებში. გადამოწმება მოხდება არა მხოლოდ ინსპექტირების ცენტრებში, არამედ გზებზე პატრულის მეშვეობითაც,“ - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა