მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნა 2023 წლის თებერვლის ბოლომდე იგეგმება. როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა საკრებულოში მერიის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, პროექტი სრულიად 2 თვეში დასრულდება.
„რაც შეეხება მაჭავარიანის ახალი გზის მშენებლობას, ესეც აქტიურად მიმდინარეობს. იქ არანაირი პრობლემა არ არსებობს. მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი. რაც შეეხება უშუალოდ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობას ეს სამუშაოები, ახლაც, ამ წუთას, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. და დაახლოებით 1,5 თვეში, მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში თავისი გარე განათებებით, სანიაღვრე კუვეტებით ყველაფრიანად დასრულებული გვექნება“, - აღნიშნა ბენდელიანმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო.
როგორც გზის მშენებლობის დაწყებისას დაანონსდა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ “აგროჰაბსა“ და ყოფილ “მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.
მაშინდელი გათვლებით, პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენდა და ის 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.