2023 წლის 11 იანვრიდან რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი 14,5%-ით, ტონაზე 4,160,9 რუბლიდან (ეს მაჩვენებელი მოქმედებს 28 დეკემბრიდან) 4,766,3 რუბლამდე გაიზრდება.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, რომ ამ ცვლილების მიუხედავად მარტის თვემდე საქართველოში პურზე ფასები არ გაიზრდება, მაგრამ რადგან ქვეყანა მნიშვნელოვნადაა მსოფლიო ბაზარზე მიბმული, ცვლილებები შესაბამის გავლენებს იქონიებს.
„მარტის თვემდე პურზე ფასები არ გაიზრდება. ჩვენ, ორმა ასოციაციამ - წისქვილკომბინატებმა და პურის მწარმოებელთა ასოციაციამ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოში არის მარაგები, მათ შორის ხორბლის და ამის ხარჯზე არსებულ ფასს შევინარჩუნებთ. რაც შეეხება იმას, რა იქნება მომავალში, ჩვენს მსოფლიო ბაზარზე ვართ მიბმული, რადგან ადგილობრივად ხორბლის მთლიანი მოხმარების 10-15%-ს ვაწარმოებთ. აქედან გამომდინარე, ბაზარზე ცვლილება ჩვენზეც ახდენს გავლენას“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისი თქმით, მარტის თვეში რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ევროპაში ახალი ხორბლის მოსავალი შეფასდება, ამასთან სრულდება უკრაინის „ხორბლის დერეფნის“ ვადაც და ეს ფაქტორები გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ხორბლის, ფქვილისა და პურის ფასზე.
„მარტის თვეში რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ევროპაში ახალი ხორბლის მოსავლის ანალიზი ხდება. ამას გარდა, უკრაინის „ხორბლის დერეფნის“ ვადა სრულდება და ის გაგრძელებას საჭიროებს. ამ 2 ფაქტორზე და შემდეგ ფასების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული პურის ფასი“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
ლევან სილაგავას თქმით, უნდა მოხდეს შარშანდელი გაკვეთილების გათვალისწინება, როცა საქართველოში ფქვილის „აგრესიულმა იმპორტმა“ ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც წისქვილკომბინატები გაჩერდა. ამიტომ, სისტემური გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. სილაგავას განცხადებით, წისქვილკომბინატებს გრძელვადიანი ხედვა უნდა ჰქონდეთ, ისევე როგორც საქართველოს მთავრობას.