საქართველოში, 2023 წლის მარტში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურად 10.9%-ით გაიზარდა და 6.54 ლარი იყო. თებერვალთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსი 5.7%-ით შემცირდა - ინდექსს ISET-ი აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასი:
რძის ფასის წლიური ზრდა 20.2%;
საფუვრის - 15.4%;
კარაქის - 14.4%;
კვერცხის - 11.4%;
ყველის - 11.3%;
ფქვილის - 3.5%.
მარტში, თებერვალთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსი შემცირებას, ISET-ი ძირითადად ყველის ფასის სეზონური კლებით ხსნის, რომელიც წინა თვესთან შედარებით 9.9%-ით შემცირდა.
„თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიჰყვება ახალი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ტრენდს. რძისა და რძის პროდუქტების ფასების კლებაზე შეიძლება გავლენა მოეხდინა დიდმარხვასაც, რომელიც 27 თებერვალს დაიწყო, რადგან მარხვის პერიოდში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს“, - ნათქვამია ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ხაჭაპურის ინდექსში.
კვლევის თანახმად, ტრადიციულად, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მკვეთრად ქუთაისში ფიქსირდება, სადაც მარტში ყველის ღირებულება 17.1%-ით შემცირდა საქართველოს დანარჩენ ქალაქებთან შედარებით. ყველის გაიაფების მიზეზზე საუბრისას, ISET-ში აღნიშნავენ, რომ იმერეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი რძის მწარმოებელი რეგიონია და რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები იკლებს.