ჩვენი ვარაუდით, შესაძლოა მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე, აპრილში კი 5%-მდე შემცირდეს, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების წინაპირობებიც ცალსახაა, რადგან მომდევნო ერთი წლის ინფლაციის პროგნოზი დამაიმედებლად გამოიყურება.
მისი თქმით, ინფლაცია 8,1%-მდე კი შემცირდა, მაგრამ მაინც მაღალი მაჩვენებელია, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ეროვნულ ბანკს უნდა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ან 3% იყოს, ან მასთან ახლოს. იმ შემთხვევაში თუ ლარი გაუფასურდება, კიდევ მეტი ინფლაცია იქნება და პირიქით, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ინფლაცია წელში გატეხილია და ქვევმოთ ჩამოდის, ამან გრძელვადიან პროგნოზში შესაძლოა, ინფლაცია დეფლაციაში გადაიყვანოს.
მარტსა და აპრილში ვვარაუდობთ, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება - მარტში 6%-მდე, აპრილში კი 5%-მდე. ჩვენი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებაც უკვე მომწიფდა”, - ამბობს ოთარ ნადარაია.