მაშინ როცა ქვეყანაში პირბადეების უმწვავესი დეფიციტია „კომერსანტის“ ინფორმაციით „ჰუალინგ ჯგუფმა“ პირბადეების დიდი პარტია ჩინეთში გაიტანა. მედიაჰოლდინგმა გაარკვია, რომ ერთ-ერთმა მსხვილა ინვესტორმა საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფმა“ პირბადეები ევროპის ქვეყნებში შეიძინა, საქართველოში ჩამოიტანა და ექსპორტი განახორციელა ჩინეთში, კერძოდ ურუმჩის მიმართულებით. დამატებით დეტალების გასარკვევად კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომელმაც კითხვების გადაგზავნა გვთხოვა:
1. რა რაოდენობის პირბადის ექსპორტი განახორციელეთ ჩინეთში?
2. როდის განახორციელდა ექსპორტი?
3. რა თანხას შეადგენდა ტვირთის ოდენობა?
4. ვინ შეუკევთა პირბადეები?
5. ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება თუ კომერციული საქმიანობა?
6. უხერხულობას ხომ არ გიქმნით ის ფაქტი, რომ როდესაც ქვეყანაში პირბადეების უმწვავესი დეფიციტია თქვენ პირბადეები ექსპორტზე გაგაქვთ?
7. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხომ აპირებთ საქართველოსთვისაც შემოიტანოთ პირბადეები? ( დადებითი პასუხის შემთხვევაში როდის და რა რაოდენობის)
სწორედ ეს კითხვები გადავუგზავნეთ „ჰუალინგ ჯგუფს“, თუმცა კომპანიისგან პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე პასუხებით არ აქვთ და როცა შეძლებენ პასუხის გაცემას თავად დაგვიკავშირდებიან.
ჩვენს კითხვებს, არ უპასუხეს თუმცა სოციალურ ქსელში 6 მარტს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ჰუალინგ ჯგუფმა“ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა. მათივე ინფორმაციით, ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაკრები მოიცავს ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონს, FFP2 ტიპის რესპირატორს, დამცავ სათვალეს, ბიოლოგიური უსაფრთხოების ბახილს და ხელთათმანს.
შეგახსენებთ, რომ კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ 1988 წ. ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში დაარსდა. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას; სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების განხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას.
„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა:
- თბილისის ზღვის ახალი ქალაქი
- თბილისის ზღვის პლაზა
- ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი
- ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
- ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი
- სასტუმრო ფანდი
- ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში
- ხე–ტყის ბიზნესი
საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3,000-ს აღემატება.
ბაჩო ადამია