„გირჩის“ დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი სებ-ის პრეზიდენტის გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც (IMF) აკრიტიკებს და ფონდის წარმომადგენლებს „მავნებლებსაც“ კი უწოდებს.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა თქვა, IMF-ის „ყველა მავნებლური რეკომენდაცია შესრულებული გვაქვს“.
„მონა მორჩილებაში ვართ IMF-ის რეკომენდაციებში და არავინ არ მოიძებნა ქართულ ოცნებაში, მთავრობაში, რომ ეთქვა - თქვე მავნებლებო წადით აქედან საერთოდ. მათ ნებისმიერ რეკომენდაციას ვასრულებთ და რეგიონში ლიდერები ვართ. ყველა მავნებლური რეკომენდაცია შესრულებული გვაქვს. ამის შედეგად მერე ხდება ის რაც ჩვენ გვაქვს“, - მიიჩნევს დეპუტატი.
ალექსანდრე რაქვიაშვილი ინფლაციის პრობლემის დასრულებას საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხედავს და აცხადებს, რომ 1 წელზე მეტია ორ ნიშნა ინფლაცია გვაქვს და ფაქტობრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
„მაგრამ თუ მოსახლეობას დავანახებთ რა ბოროტება ხდება 2016 წლიდან სებ-ში, რომ კონსტიტუციის დარღვევით ხდება საბანკო სექტორის სუბსიდირება მთელი მოსახლეობის ხარჯზე. თუ ამას დავინახავთ არამარტო არსებული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. სებ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი წავა აშშ-ში და იქნება იქ. მაგრამ სებ-ის შემდეგი პრეზიდენტი მოვა და თუ ჩვენ ამას გავმართავთ შესაძლებლობა იქნება შევცვალოთ ეს პოლიტიკა“,- განაცხადა პარლამენტარმა.