მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ხელმისაწვდომობას და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს.
საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით ასოციაციაში შეიქმნა კომერციული მედიაციის პალატა, რომლის მთავარი მიზანია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარების ხელშეწყობა, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება მცირე და საშუალო ბიზნესში და ასოციაციის წევრებისათვის კერძო მედიაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
სოფიო დუღაშვილი SMEDA-ს გუნდს 2022 წლის მარტიდან შეუერთდა და კომერციული მედიაციის პალატას უხელმძღვანელებს.
სოფიო სერტიფიცირებული მედიატორია 2017 წლიდან, წარმოადგენს სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელ წევრ მედიატორს, ასოციაციის ეთიკის კომისიის პირველ თავმჯდომარეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორს.
გარდა მედიატორობისა, სოფიო პროფესიით იურისტია და ბიზნეს სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ხელმძღვანელობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს კორპორატიულ იურიდიულ მიმართულებას.
სოფიოს კარიერაში აკადემიურ ნაწილს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მოწვეული ლექტორის რანგში იგი კითხულობს სალექციო კურსებს მედიაციის, საბანკო და საკორპორაციო სამართლის მიმართულებით საქართველოში არსებულ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში.
„ბიზნესის წარმატებას დროულ მედიაციაში ვხედავ. დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, მხარეებისთვის მისაღები და ავთენტური გამოსავალია. აღნიშნულ პროცესში მედიაციის არჩევით მხარეები ზოგავენ უამრავ დროს, დანახარჯებს და შედეგად იღებენ მათზე მორგებულ და კონტროლირებად პროცესს. მოხარული ვარ, რომ მექნება შესაძლებლობა ჩემი წვლილი შევიტანო ასოციაციის ამ მიმართულების აქტიურ განვითარებაში.“
(R)