რადიო “კომერსანტზე“ ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ღვინის მარკეტინგის სპეციალისტმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის ბრენდინგში მცირე მარნების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როდესაც ქართული ღვინის მიმართულებით მარკეტინგული აქტივობები დაიწყო, პატარა მარნებმაც მაშინ დაიწყეს კომერციული აქტივობა და მთელი მარკეტინგული აქტივობის ფლაგმანები სწორედ მცირე მარები იყვნენ.
“ნებისმიერი რამის მთავარი კომპონენტი არის ხალხი, ხოლო ღვინოში მთავარი ატრიბუტია, თუ ვინ გელაპარაკება, უცხოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, როდესაც პროდუქტზე უშუალოდ მწარმოებელი ელაპარაკება. დიდ მარნებში ასე არ არის, ტურიც ტარდება, გიდებიც არიან, ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ შეიძლება ის შეგრძნება და სული არ იყოს. მცირე მარანს შეიძლება შედარებით ნაკლებ ხარისხიანი ღვინო ჰქონდეს, მაგრამ გაყიდოს, ეს ბრენდის ნაწილია“, - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
ჩოლობარგიას განმარტებით, საქართველო ამ პატარა მარნებიდან მოდის და როდესაც 2012 წელს საქართველოში ღვინის ფესტივალი დაიწყო, მონაწილეობას მხოლოდ 7-8 მარანი იღებდა და წელს მთაწმინდის პარკში ღვინის ფესტივალზე 600-მდე ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.
„ამ პატარა მარნებმა მაშინ დაიწყეს ჩვენთან მუშაობა, როდესაც ევროპაში, აზიაში, იაპონიაში იყო ამის მოთხოვნილება, ეს ადამიანები პირველ რიგში ვინც იყვნენ ძირითადად ყველა ქვევრში აკეთებდა და ეს მათთვის უდიდესი სიახლე იყო და აღმაჩინეს, რომ საქართველოში ათასეული წლებია ღვინოს აკეთებენ, ამას რომ ნახულობენ ეს ძალიან ცოცხალი გამოცდილებაა და აქტივობებში გამოყენებულია“, - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.