მცირე ჰესების მშენებლობის ტემპი გააქტიურდა, თუმცა საქართველოს ენერგოსისტემაში ამას გარდამტეხი როლი ვერ შეაქვს. გია არაბიძის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მცირე ჰესების გამომუშავების მაჩვენებელი 5-6%-მდეა, თუმცა რამდენიმე წლის წინ 2%-ს არ აჭარბებდა.
,,მცირე ჰესების მშენებლობა ინტენსიურად მიდის, ნაკლები თანხა ჯდება. ეს არის კონკრეტული ფიზიკური პირის ან რომელიმე საწარმოსთვის დანიშნული ვარიანტი, ეხმარება ენერგოსისტემას, მაგრამ გარდატეხა ვერ შეაქვს იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც არის ზამთრისა და განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით. კოვიდ 19-ის პერიოდში, როცა საქართველოს ეკონომიკას განსაკუთრებით გაუჭირდა, სწორედ მცირე სადგურებს შეექმნათ ტექნიკური პრობლემა ხაზის გატარების მხრივ ამიტომ მათი ხელშეწყობა სექტორისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მთავრობის ღონისძიება მიმართულია, რომ უფრო ინტენსიურად განვითარდეს მცირე ენერგეტიკა. დიდი სერიოზული ენერგეტიკისთვის იგი ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ საჭირო. საქართველოს დღევანდელ მოხმარებაში მცირე სადგურების წილი 5-6%-მდე აღწევს, მაგრამ შეგვიძლია ეს მაჩვენებელი 10%-მდე გავზარდოთ, რაც ლოკალურ დონეზე პრობლემას მოგვიგვარებს“, - აცხადებს გია არაბიძე ,,კომერსანტთან“.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემით, მცირე ჰესების რაოდენობა დაახლოებით 100-მდეა.
როგორც ცნობილია, 2 წელიწადში ქვეყანას კიდევ ერთი მცირე ჰესი შეემატება. ხობი 2 ჰესის სამშენებლო სამუშაოების 20% შესრულებულია. ჰესის მშენებლობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში აქტიურ ფაზაშია.
დასრულებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს TBM დანადგარის დასაწყობება. უახლოეს დღეებში მისი აწყობა და გვირაბის გაჭრა დაიწყება.
პროექტის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სამუშაოებს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.
მარი ჩიტაია