ხორბლის ახალი მოსავლის აღების პარალელურად, მცირე წისქვილებმა მუშაობა დაიწყეს, - ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა.
მისი განმარტებით, მცირე წისქვილები ამუშავდნენ კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლს რეგიონებში.
„მცირე წისქვილები მუშაობენ სეზონურად, როცა მოსავლის აღება ხდება. მათ არ აქვთ ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის პრობლემა. იქვეა ხორბალი, ფქვავენ და ადგილობრივად, ძირითადად არაინდუსტრიულ ობიექტებს, თონეებს და ა.შ. ამარაგებენ.
ადგილობრივი მოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამინდს ვერ ქმნის. ამავდროულად, ფერმერები სეზონზე მთლიან ხორბალს არ ყიდიან, ინახავენ და აკვირდებიან ფასს. ადგილობრივი ხორბალი რომ ამოიწურება, სავარაუდოდ ოქტომბრისთვის, მცირე წისქვილები გაჩერდებიან. ეს დამოკიდებული იქნება ფერმერებზეც, რამდენ ხანს მოიცდიან და როდის გაყიდიან ხორბალს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
რაც შეეხება დიდ წისქვილკომბინატებს, სილაგავას თქმით, მათი ნაწილი ფქვილის იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა.
შეგახსენებთ, საქართველო ხორბლის იმპორტიდან ფქვილის იმპორტზე მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირების ფონზე გადაერთო, რამაც წისქვილკომბინატების დახურვა გამოიწვია. წისქვილკომბინატების ამუშავებისა და პურის ფასის შენარჩუნების მიზნით, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადის შემოღება შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არაა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 136.1 ათასი ტონა ხორბალი აწარმოვა. ადგილობრივი ხორბალი ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, გასულ წელს ქვეყანაში 482 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.