ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარეები ჭივჭავი და ალგეთი 60 000-მდე კალმახის ქვირითით დაათევზიანეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას ხელს უწყობს და ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს მაქსიმალურად ზრდის. ქვირითი ხელოვნურად ნაყოფიერდება, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ადაპტაციას მარტივად ახდენს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. საქართველის წითელი ნუსხის სახეობის აღდგენის მიზნით, სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ხდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.