მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები განიხილეს დღეს გამართულ სემინარზე, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სამუშაო ფორმატში განხილული იყო მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები და ამ პრობლემასთან გამკლავების გზები. მოწვეულმა ექსპერტებმა მოწვეულ სტუმრებს გაუზიარეს ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
მჯდომარე სამუშაო ჯანმრთელობისთვის უხილავ რისკს წარმოადგენს. ევროპის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სააგენტოს მონაცემების თანახმად (EU OSHA) ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმებულთა 28% სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. დამატებით 30% კი აღნიშნავს, რომ დროის მეოთხედს უთმობს მჯდომარე სამუშაოს შესრულებას. შესაბამისად სამუშაო ადგილების 60%-თვის მჯდომარე სამუშაო მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
მომსახურების სფერო, წარმოება, საავტომობილო მრეწველობა, ონლაინ სერვისები, ეროვნული და საერთაშორისო ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ადმინისტრაციული საქმიანობა – როგორც საჯარო ისე კერძო ბიზნესში: ეს მხოლოდ იმ სექტორთა მცირე ჩამონათვალია, სადაც დომინირებს მჯდომარე სამუშაოები. ეს სფეროები საქართველოს ეკონომიკაშიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი და მათი წილი ეროვნულ ეკონომიკაში კიდევ უფრო იზრდება.
სემინარი ნაწილია EU OSHA-ს მიმდინარე კამპანიის, რომელიც შეეხება „დატვირთვის შემსუბუქებას“ და ხაზს უსვამს მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და პრობლემასთან გამკლავების გზებს.
შეხვედრას ესწრებოდა დარგობრივი ასოციაციის, შრომის უსაფრთხოების კომპანიებისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.