„საპენსიო სააგენტოს თუ მაინც და მაინც სურდა, რომ საქართველოში განეხორციელებინა ინვესტირება, ეს უნდა გაეკეთებინა ენერგო რესურსებზე, რაც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია, რითაც როგორც ეკონომიკური, ასევე სამოქალაქო საზოგადოება კმაყოფილი იქნებოდა,“ - „კომერსანტთან“ საუბრისას ასე გამოეხმაურა ეკონომისტი ოთარ აბესაძე საპენსიო სააგენტოს მიერ სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ 3.5 მლნ ლარის ინვესტირებას.
მისი თქმით, როდესაც ფული მიდის სუპერმარკეტების ქსელში, რომლის რენტაბელურობა და სავაჭრო არეალი მხოლოდ ქართლი ბაზარია, მისი გავრცობის და მასშტაბურობის კოეფიციენტი არ გაიზრდება.
„როდესაც ასეთი ტიპის ობლიგაციებს ყიდულობ, აქ ჩნდება კითხვა, თუ რა ტიპის ბენეფიტი შეიძლება მიიღოს მოქალაქემ „ნიკორაში“ ინვესტირებით, რომელიც ორიენტირებულია 3,5 მილიონიან ქართულ ბაზარზე. საპენსიო ფონდი ვალდებულია, რომ ჩვენი ფული დააინვესტიროს ისეთ ქეისში და პროექტში, რომელიც არის საერთაშორისო მასშტაბის და წლიდან წლამდე არის მზარდი ეკონომიკური აქტორი, რომელიც საპენსიო ფონდს მოუტანს მეტ შემოსავალს და საპენსიო დანაზოგს მოუტანს მოქალაქეს .
დღეს მივიღეთ ის, რომ ქართულ ბაზარზე ორიენტირებულ კომპანიაში ჩავდეთ ფული, მე ველოდებოდი, რომ ამ ფულს ჩადებდნენ საერთაშორისო ბირჟაზე, ველოდებოდი მსხვილი ენერგო მატარებლების და ობლიგაციების დაფინანსებას, მივიღეთ საბოლოო ჯამში „ნიკორა“, თუ ქართულ რეალობაზე ვაპირებდით პედალირებას, უფრო რეალური იქნებოდა რომ ეს ჩადებულიყო ჰესებში და ა.შ, ანუ ის, რაც გაყიდვადი და ლიკვიდური რესურსია.
მივიღეთ ის, რომ დღეს ინვესტიციები, ჩემი თვალთახედვით, არასწორად არის ინვესტირებული. „ნიკორა“ ჩემთვის არის ბიზნეს ქეისი, რომელიც ორიენტირებულია ქართულ ბაზარზე და 3,5 ,მილიონ ადამიანზე, ის არ არის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ქმნის საერთაშორისო ეკონომიკას და მისი ეკონომიკური შემოსავლები, საერთაშორისო ბაზრიდან გამომდინარე, არ არის მზარდი. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ზღვარი დაჭერილი აქვს და მოქალაქეების საპენსიო ფონდის ინვესტირება რამდენად გრძელვადიან შედეგს მოუტანს ადამიანს 30-40 წელში, თავად განსაზღვროს“, - აღნიშნა ოთარ აბესაძემ.
თაკო კვაჭანტირაძე