„მეამა“ ე.წ. Take Away კონცეფციის ობიექტების „მეამა ქოლექთების“ ქსელის გაფართოებას გეგმავს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, მიმდინარე წლის იანვარში ახალი, კონტეინერის კონცეფციის ობიექტი უკვე გაიხსნა ბაკურიანში ე.წ. 25-იანების ტრასის მიმდებარედ და ახალი ობიექტები დაემატება მალე თბილისშიც.
„მეამას“ მიზანია გახდეს არსებული და პოტენციური მომხმარებლების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რისთვისაც კომპანია მუდმივად ზრდის პროდუქციაზე ხელმისაწვდომობას და მომხმარებელს მათზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს“, - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება ყავის მარცვლის იმპორტს, როგორც კაფსულის ყავის მწარმოებელი კომპანია მეამაში განმარტავენ, იმპორტი წლიდან წლამდე მზარდია და ყოველწლიურად საშუალოდ 30%-ით იზრდება.
„მეამა“ ყავის მწვანე მარცვლის იმპორტს 18 ქვეყნიდან ახორციელებს, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა: ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ეკვადორი, ელ სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, მექსიკა, პერუ, ნიკარაგუა, ეთიოპია, კენია და სხვა.
„მეამას“ ლოიალური მომხმარებლების რაოდენობა მზარდია და შესაბამისად „მეამას“ პროდუქტზე: ყავისა და ჩაის კაფსულებზე, ნალექიან ყავაზე, ყავის აპარატებზე და სხვა აქსესუარებზე დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ასევე დიდია მოთხოვნა, როგორც B2B, ასევე ჰორეკა სექტორის მხრიდანაც, რასაც ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტები, მაღალი ხარისხის პროდუქტი და მრავალფეროვანი შეთავაზებები განაპირობებს,“ - განმარტავენ კომპანიაში.
კომპანიის განცხადებით, მსოფლიო ბაზრებზე ყავის მარცვალზე ფასის ზრდის მიუხედავად, 2022 წელს, ისევე როგორც წინა წლებში „მეამა“ პროდუქციაზე საოპერაციო ხარჯების შემცირებით არსებული ფასების შენარჩუნება ახერხებს.