ახალმა კვლევამ ათწლეულების წარუმატებელ მცდელობებს ბოლო მოუღო - ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის სამკურნალო პირველი წამლის გამოცდა წარმატებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრეპარატით დაავადების მკურნალობა მხოლოდ მის ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი, მედიცინის სფეროში ბევრი ამ შედეგს ტრიუმფალურს და გარდამტეხს უწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ შეუქცევადი დაავადების სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს და მხოლოდ მისი სიმპტომების გარკვეულწილად მართვაა შესაძლებელი. სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ გამოცადეს წამალი ლეკანემაბი (Lecanemab), რომელიც ალცჰაიმერის ადრეული აღმოჩენისას, ჯანმრთელობის გაუარესებას ერთი მეოთხედით ამცირებს.
მსოფლიოს წამყვანმა მკვლევარმა ჯონ ჰარდიმ თქვა, რომ ეს ისტორიული და ოპტიმისტური მომენტია და ჩვენ ალცჰაიმერის თერაპიის დასაწყისს ვხედავთ.
ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ტარა სპირეს-ჯონსმა განაცხადა, რომ ეს შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში 100%-ით წარუმატებლობის მაჩვენებლები ჰქონდათ.
ლეკანემაბი იმის მსგავსი ანტისხეულია, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის იმუნურ სისტემას უბრძანოს, რომ ტვინი ამილოიდებისგან გაასუფთაოს. ამილოიდი ცილაა, რომელიც ტვინში კვანძის ფორმით, ნეირონებს შორის იკავებს ადგილს და ილექება.
ლეკანემაბი ალცჰაიმერს ვერ განკურნავს. დიდად ვერც საშუალო და მძიმე ფორმით დაავადებულებს შეუმსუბუქებს ცხოვრებას. ცდებმა აჩვენა, რომ დაავადების პროგრესირების მეოთხედით შენელებაა შესაძლებელი იმ პაციენტებში, ვისაც ალცჰაიმერის ადრეული სტადია აღმოაჩნდებათ.
ფართომასშტაბიან კვლევაში 1795 მოხალისე მონაწილეობდა, რომელსაც ალცჰაიმერის ადრეული სტადია ჰქონდა. შედეგები New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა - 18 თვიანი მკურნალობის შემდეგ დაავადება მეოთხედით შენელდა.
აშშ-ში მარეგულირებლები უკვე აფასებენ მონაცემებს და წამლის გამოცდას დაიწყებენ. ფარმაცევტული კომპანიები Eisai და Biogen-ი პრეპარატის დამტკიცების პროცედურას მომავალი წლიდან აპირებენ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა