დღეიდან, 15 თებერვლიდან, მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება არ ექნებათ.
„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, რამდენად მომზადებული შეხვდა ფარმაცევტული სექტორი რეფორმის დაწყებას და როგორ მიმდინარეობს პროცესი.
როგორც „კომერსანტთან“ PSP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა აღნიშნა, მედიკამენტის მომწოდებლებმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მიმართ საფასო პოლიტიკა შეცვალეს და აღნიშნულ მედიკამენტებს დღეიდან მომხმარებლები ახალი ფასით შეიძენენ.
„მომწოდებლებმა მედიკამენტების გარკვეულ ნაწილზე საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მიმართ საფასო პოლიტიკა შეცვალეს, შესაბამისად ეს მედიკამენტები რეფერენტულ ფასს დაექვემდებარება და უკვე დღეიდან მომხმარებლებს აღნიშნული მედიკამენტების შეძენა უკვე დაბალი ფასით შეუძლიათ, ხოლო იმ მედიკამენტების მწარმოებლებმა, რომლებიც რეფერენტულ ფასებში ვერ ჯდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს და ველოდებით მათ პასუხს,“ - აღნიშნა ნათია ხაბეიშვილმა.
რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.
„როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.“ — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.