მელიქიშვილზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი კიდევ ერთხელ შეიცვალა. პროექტი, რომელიც 2020 წელს შეთანხმდა, მშენებლობის პროცესის დროს გადაკეთდა. პირველ კომერციულ სართულზე დაემატა ანტრესოლი და მასზე ასასვლელი კიბეები, ასევე ცვლილება რამდენიმე აივნის ფილას შეეხო. პროექტს gino holding-ის ბრენდის ქვეშ შპს „იდეა მელიქიშვილი“ ახორციელებს.
პროექტი დედაქალაქის მთავრობასთან 2021 წლის აგვისტოში შეთანხმდა, მშენებლობის ნებართვა კი არქიტექტურის სამსახურმა 16 სექტემბერს გასცა. პროექტი 12 მლნ ევროს ინვესტირებით ხორციელდება და 3 წელში დასრულდება.
შენობა 8 სართულიანია, 3 მიწისქვეშა სართულის ჩათვლით. კომპლექსის განაშენიანების ფართობი 1315 კვ.მ-ია, საერთო ფართობი კი 13 119 კვ.მ საიდანაც 1 617 კვ.მ საცხოვრებელი ფართობია, 615 კვ.მ საოფისე, 2467 კვ.მ კომერციული, 862 კვ.მ კი საზაფხულო ფართობია. კომპლექსში ავტოსადგომს 3 171 კვ.მ დაეთმობა, ხოლო აუზს 56 კვ.მ.
GINO Holding-ის მფლობელია ნოდარ გიორგაძე, ბიზნესმენი, რომელიც 2013 წლიდან საქართველოში, სლოვაკური ინვესტიციით, ტურიზმის სექტორში 2 სასტუმროს და აკვა პარკს მართავს.
ბაჩო ადამია