„ახლა ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება სხვა პოზიციაზე მუშაობა, ამიტომ მეორე ვადით ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვფიქრობ“, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭო განიხილავს ახალი პრეზიდენტის საკითხს და შეარჩევს კანდიდატურას, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
„დიდი პრივილეგიაა, რომ ვიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა ამ ორგანიზაციის პროფესიონალიზმი, მაგრამ ვფიქრობ რომ ერთი ვადა, 7 წელი, საკმაოდ ბევრი გამოწვევებით იყო სავსე, საინტერესო იყო, მაგრამ ახლა ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება სხვა პოზიციაზე მუშაობა, ამიტომ მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვფიქრობ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევას. იმისათვის რომ პიროვნება იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჯერ ის უნდა იყოს საბჭოს წევრი. წევრობის კანდიდატს ასახელებს საქართველოს პრეზიდენტი და ეს კანდიდატურა იგზავნება პარლამენტში, დამტკიცების შემდეგ პირი ხდება საბჭოს წევრი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭო განიხილავს ახალი პრეზიდენტის საკითხს და შეარჩევს საბჭოდან კანდიდატურას, რომელიც შემდეგ უნდა დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით“, — აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძე სებ-ის მომდევნო პრეზიდენტს დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას ურჩევს.
„ზოგადად, სებ-ის პრეზიდენტი არ უნდა მოერიდოს არაპოპულარულ და არაპოპულისტურ გადაწყვეტილებებს. როგორც კი დაიწყება ეროვნული ბანკის მიერ პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება, იმ დღიდან დაიწყება რისკების დაგროვება. იმ ადამიანს, ვინც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება, წარმატებებს ვუსურვებ და ვუსურვებ იმაზე მეტს მიაღწიოს, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს შევძელით. მინდა ვურჩიო, რამდენიც არ უნდა გააკრიტიკონ და თქვან, რომ ეს ცუდია, არ მოადუნოს ყურადღება და აუცილებლად გააგრძელოს დედოლარიზაციის ღონისძიებები“,- აღნიშნა გვენეტაძემ.
2023 წლის 2 მარტს, შვიდწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი, შესაძლოა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ დაიკავოს.