მექსიკაში საჯარო სივრცეებში სიგარეტის მოწევა და რეკლამირება აიკრძალა. აქამდე არსებული კანონი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ სივრცეებში, ბარებში, რესტორნებსა და ოფისებში სიგარეტის მოსაწევად სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი, შეიცვალა და ყველა საჯარო სივრცეში, მათ შორის პარკებში, პლაჟებსა და სასტუმროებში მოწევა სრულად აიკრძალა.
BBC-ის ინფორმაციით, მექსიკაში ახლა მხოლოდ საკუთარ სახლში ან კერძო რეზიდენციებშია შესაძლებელი სიგარეტის მოწევა.
საზოგადოებრივ სივრცეებში სიგარეტის მოწევასთან ერთად, მექსიკაში სიგარეტის და თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებაც აიკრძალება. როგორც BBC წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებში სიგარეტის გამოჩენაც კი არ შეიძლება.
რაც შეეხება ვაიპებსა და ელექტრონულ სიგარეტებს, შეზღუდვები მათზეც გამკაცრდა, განსაკუთრებით შენობებში.
პანამერიკულ ჯანდაცვის ორგანიზაცია მექსიკის მთავრობის მიერ თამბაქოს აკრძალვის გადაწყვეტილებას მიესალმა. მათი განცხადებით, თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად მილიონამდე ამერიკელის სიკვდილის მიზეზია.