კომპანია Mercedes-Benz-ი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა, მოსკოვის შემოგარენში მის კუთვნილ ქარხანას ყიდის. ქალაქ ესიპოვოში მდებარე ქარხანა კომპანიამ 2019 წელს გახსნა, მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და გერმანელებმა მასში 250 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადეს. ქარხანა წლიურად 25 ათას ავტომობილს აწარმოებდა.
როგორც რუსული „კომერსანტი“ წერს, ქარხნის მყიდველთა შორის არის კომპანია „Автодом“, ხოლო მოლაპარაკებებში მოსკოვის ოლქის განვითარების კორპორაცია მონაწილეობს. გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება, პრაქტიკულად მიღწეულია, თუმცა კონტრაქტის დასრულება გერმანული მხარის მხრიდან დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ ხერხდება.
ამავე გაზეთის ცნობით, გერმანელები ასევე ყიდიან ქალაქ ვეშკაში არსებული უძრავ ქონებასაც, სადაც მათი ოფისები და სერვისცენტრი მდებარეობს.
აღნიშნულის შესახებ ორივე კომპანიაში კომენტარზე უარს ამბობენ.
ამასთან, ცნობილია, რომ ქარხნის გაყიდვის შემთხვევაშიც კი, მყიდველი მასში „მერსედესის“ წარმოების განახლებას ვერ შეძლებს.