კორპორაციები Apple და Meta აღარ შედიან აშშ-ის 100 საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგში, რომელსაც საიტი Glassdoor.com-ი კომპანიების თანამშრომელთა გამოხმაურების საფუძველზე ადგენს. საიტის მონაცემებზე დაყრდნობით, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
აღნიშნული რეიტინგიდან, Apple-ი 2009 წლის შემდეგ პირველად გამოვარდა. Meta რეიტინგში 2011 წლიდან იყო, სამჯერ იკავებდა პირველ ადგილს, ბოლოს 2018 წელს.
როგორც Bloomberg-ი წერს, Meta-სთვის ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი ფაქტორი 11 ათასი თანამშრომლის გათავისუფლება და კორპორაციის განვითარების ფოკუსის მეტავერსზე გადატანა გახდა. სტრატეგიის ამ ცვლილებამ დასაქმებულებს დაუცველობის გრძნობა გაუჩინა - აცხადებს Glassdoor-ის უფროსი ეკონომისტი.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებამ შეიძლება შეარყიოს დარჩენილი თანამშრომლების მორალი და გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს კომპანიის, როგორც დამსაქმებლის რეპუტაციას.
რაც შეეხება Apple-ს, რეიტინგში მისი უარყოფითი პოზიცია, თანამშრომლების დისტანციური მუშაობიდან ოფისებში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბრალია.
მიუხედავად იმისა, რომ ორმა ტექნიკურმა გიგანტმა დატოვა საუკეთესო დამსაქმებლის რეიტინგი, ტექნიკური კომპანიები კვლავ დომინირებენ სიაში და ჩამონათვალის 40%-ზე მეტს სწორედ ისინი შეადგენენ.
თანამშრომლების თვალსაზრისით საუკეთესო კომპანია რეიტინგის დებიუტანტი - კლიენტებთან მუშაობის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანია Gainsight-ია. ხუთეულში ასევე არიან Box Inc, Bain & Co, McKinsey & Co და NVIDIA Corp-ი.