მეტროს თანამშრომლები აღარ გაიფიცებიან. ამის შესახებ „კომერსანტთან“ პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარემ, ზაზა ბარბაქაძემ განაცხადა.
ზაზა ბარბაქაძის თქმით, დღეს მეტროს თანამშრომლები სატრანსპორტო კომპანიის დირექტორს შეხვდნენ, რის შემდეგაც ისინი დათანხმდნენ შეთავაზებას, 2023 წლიდან ხელფასების 10%-იან ზრდასთან დაკავშირებით.
მეტროს თანამშრომლების თავდაპირველი მოთხოვნა ანაზღაურების 20%-ით მომატება იყო, რასაც მაღალი ინფლაციით ხსნიდნენ.
20 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მეტროს მემანქანეები და სხვა თანამშრომლები ხელფასების 20%-იან ზრდას ითხოვდნენ. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, დასაქმებულები კოლექტიური შრომითი დავის დაწყებას გეგმავდნენ, რაც შესაძლოა, გაფიცვით დასრულებულიყო.