„მგონია, რომ ლოგიკური და მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვება, იმიტომ რომ ინფლაციასთან მიმართებაში რისკები კვლავ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი და „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
„ინფლაციასთან დაკავშირებით, გარკვეული ტიპის რისკები კვლავ არის და ამაზე ეროვნული ბანკი მის განმარტებაშიც საუბრობს. დღეს არის ინფლაციური წნეხის მაღალი რისკი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა, ამიტომ მისი მსუბუქად გატარება შეუძლებელია. ეროვნული ბანკის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ინფლაცია იყოს უფრო დაბალ მაჩვენებელზე ვიდრე ახლა არის და ცხადია ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ინფლაციის შემცირებაზე, ან დასტაბილურებაზე და დიდ რისკებს არ უნდა ქმნიდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ინფლაციისა არის გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ეს რისკები არანაირად არ არის მოხსნილი. ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციური მოლოდინების რისკები არსებობს, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელ მაჩვენებელზე დატოვება არის ლოგიკური, გამკაცრებაშიც რთული იქნებოდა ლოგიკის მოძებნა, მაგრამ შერბილებას, იმ დროს როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კარგია, ბუნებრივია შეიძლება უფრო მეტი ინფლაციური რისკი შეექმნა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.