Microsoft Corp.-ის აქციებმა გვერდზე ჩამოიტოვა Amazon.com Inc-ი და, გრძელი პოზიციების გახსნის მოცულობით, მსოფლიოში ჰეჯ-ფონდების ლიდერი გახდა, ნათქვამია Goldman Sachs-ის ბანკის კვლევაში.
როგორც MarketWatch-ი წერს, გამოკითხვაში 2,3 ტრილიონი დოლარის კაპიტალის მქონე 786 ჰეჯ-ფონდი მონაწილეობდა. გაირკვა, რომ 82 ფონდისთვის Microsoft-ის აქციები ტოპ ათეულში იყო, ხოლო Amazon-ის აქციები ფავორიტებს შორის მხოლოდ 79 ფონდისთვის აღმოჩნდა.
წელს Microsoft-ი კონკურენტზე უკეთეს დინამიკას ავლენს თუმცა, საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, IT სექტორისთვის წელი რთული აღმოჩნდა. Microsoft-ის კაპიტალიზაცია 28%-ით დაეცა, Amazon-ის საბაზრო ღირებულება კი - 45%-ით.
ხუთეულში ასევე მოხვდნენ: Uber Technologies და Netflix Inc.
ფონდებმა ყველაზე დიდი მოცულობის მოკლე პოზიციები გახსნეს ნავთობკომპანიების Exxon Mobil-ის, Occidental Petroleum-ისა და Chevron Corp.-ის აქციებში, ასევე International Business Machines-ში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჰეჯ-ფონდები საცალო ვაჭრობის Bath & Body Works-ის სააქციო კაპიტალის 28%-ს ფლობენ. ეს კომპანიის აქციების ყველაზე დიდი მოცულობაა, რომელიც ჰეჯ-ფონდების ხელში აღმოჩნდა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა