„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს გვსაყვედურობენ, ჩვენ მიკროსაფინანსო სექტორი ძალიან გავაჯანსაღეთ. იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ჯანსაღი კაპიტალი აქვთ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისივე თქმით, კომერციული ბანკების პარალელურად ეროვნული ბანკი კრიზისის პერიოდში მიკროსაფინანსო სექტორსაც დიდ დახმარებას უწევს.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ბესო შენგელია „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მისო-ებისთვის გრძელვადიანი რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით არაფერი ხდება, თუმცა სებ-ის მხრიდან რამდენიმე საკმაოდ დროული ნაბიჯი გადაიდგა. მისივე თქმით, იმისათვის რომ მისო-ებმა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაკრედიტება გააგრძელონ, დამატებითი რესურსი დასჭირდებათ.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გრძელვადიანი რესურსის გამოყოფაზე ჯერჯერობით არაფერი ხდება, გარდა იმისა რაც აქამდე განხორციელდა, როცა 200 მლნ გამოგვიყვეს, კომერციულ ბანკებთან არსებული ე.წ. ფორვარდული გარიგებების შესანარჩუნებლად და განსაახლებლად. ეს საკმაოდ დროული იყო და დაგვხმარა, მაგრამ ეს დამატებითი „ქეში“ არ არის, უბრალოდ საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ის პორტფელი და დაბანდება რაც გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ მხოლოდ ლარში გავცემთ თანხებს, შესაბამისად ერთადერთი წყარო არის კომერციული ბანკები სადაც დოლარს ვათავსებთ და შემდეგ ლარს ვყიდულობთ. კრიზისულ ფონზე რა თქმა უნდა ერთის მხრივ კომერციულ ბანკებსაც შეექმნათ ლიკვიდურობის პრობლემა, მეორეს მხრივ შესაძლოა ეს თანხები იმდენად გაძვირებულიყო, რომ აზრი აღარ ჰქონოდა მათ განთავსებას, აქედან გამომდინარე ამ ნაწილში დაგვეხმარნენ. თუმცა, იმისათვის რომ მისო-ებმა დაკრედიტება გავაგრძელოთ, მას შემდეგ რაც შეზღუდვები მოიხსნება, რა თქმა უნდა დამატებითი რესურსი დაგვჭირდება“, - განმარტა ბესო შენგელიამ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ სებ-ის მხრიდან დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
„600 მლნ-ს გრძელვადიანი რესურსის მიწოდება კომერციული ბანკებისთვის ავტომატურად ნიშნავს მიკროსაფინანსო სექტორის დახმარებას, რადგან ეს თანხები ყველგან გადაედინება. გარდა ამისა, ჩვენი რესურსები უმეტესად დოლარში არის მოზიდული, ამიტომ ძალიან გაძვირებული იყო სვუპის ხარჯები, ეროვნულმა ბანკმა კი ძალიან ეფექტური ნაბიჯი გადადგა, როცა მოგვცა კარგი ლიკვიდურობა სვოპ ოპერაციების სახით, რითად ხარჯები გაგვიიაფა. ასევე რეფინანსირების განაკვეთი დაწია, რაც ყველასთვის შეღავათია. ეს ყველაფერი დადებითი ნაბიჯებია და ვფიქრობთ, თუ საჭირო იქნება დახმარება მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.
ნინო თამაზაშვილი