მიმდინარე წელს გაყიდვების მაჩვენებლით პანდემიამდელ, 2019 წელს გავუთანაბრდით, — ამის შესახებ Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს.
მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, 2022 წელი კომპანიისთვის მაინც წარმატებული იყო.
„მიმდინარე წელი სექტორისთვის გამოწვევების წელი იყო, კერძოდ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, დაწესებული შეზღუდვების და პანდემიის გამო ბევრი ცვლილება მოგვიწია. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩინეთში შეჩერებულია გადატვირთები. თუმცა, მიუხედავად გამოწვევებისა, 2022 წელი მაინც წარმატებული იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ Schuchmann Wines ძალიან მცირე მასშტაბით ახორციელებს ვაჭრობას უკრაინასთან და რუსეთთან, ჩვენი ბაზრები დივერსიფიცირებულია, რის გამოც, მიმდინარე მოვლენების კომპანიაზე მნიშვნელოვნად არ აისახა“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ 2023 წლიდან ამერიკის, აზიის და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტის განხორციელებას გეგმავს.
„2023 წლისთვის ახალი საექსპორტო მიმართულებების დამატებას ვგეგმავთ, რადგან ჩვენი სტრატეგია ბაზრების დივერსიფიცირებაა. ვიმედოვნებთ, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება და თუ მაღალი მოთხოვნა იქნება, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ფასიც მოიმატებს“, — ამბობს ნუცა აბრამიშვილი.