მირჩევნია, ჩემ სექტორში ვიყო პირველი, ვიდრე ბანკებში მეხუთე-მეექვსე, — ამის შესახებ „კომერსანტთან“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა, მიკრო ბანკად გარდაქმნის შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.
„მიკროსაფინანსო სექტორში ლიდერი ვართ და გვინდა დავრჩეთ ლიდერებად ამ სექტორში. არ გვინდა შევცვალოთ ჩვენი ნიშა და გვინდა დავრჩეთ იქ, სადაც პირველები ვართ.
თუმცა, ახალი სუბიექტის გაჩენა ბაზარზე კონკურენციას უფრო გაზრდის და პროცენტების კლებას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
„რიკო ექსპრესისგან“ განსხვავებით მიკრობანკების კანონის ძალაში შესვლის მოლოდინში არიან სტატუსის მოპოვების მსურველი მისო-ები. ამ დროისთვის მიკრობანკის ლიცენზიის მიღების სურვილი მოქმედი მიკროსაფინასოდან 4-ს აქვს, რომელთა შორის „კრისტალი“, „ემ ბი სი“, „სვის კაპიტალი“ და „ლაზიკაა“.
ცნობისთვის, მიკრობანკების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუა რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.
მიკრობანკების რეფორმა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, ფინანსური სერვისის მიწოდებაზე. ამ სფეროში აქტიურები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რეფორმის შემდეგ მათ შეეძლებათ უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდონ მათ შორის საგადახდო სერვისები, მიმდინარე ანგარიშები, მიიღონ დეპოზიტები და ასევე სესხების ლიმიტებიც გაეზრდებათ.
კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ ლარია, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მლნ ლარამდე იზრდება, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. დაკრედიტება უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი, რისი უფლებაც აქამდე მისო-ებს თითქმის არ ჰქონდათ. კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსების უფლებაც ენიჭებათ. მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ.
მიკრობანკების საქართველოს ბაზარზე გაჩენაზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. ის, როგორც შუამავალი ორგანიზაცია მიკროსაფინანსოებსა და ბანკებს შორის კარგად აპრობირებული მოდელია ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.