მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ფინანსური სექტორისთვის ესტონური მოდელის არამოქმედების გამო, შესაძლოა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა, რომელიც მიკრობანკად გარდაქმნას გეგმავს, მთავრობას ინიციატივით მიმართოს, რათა მათთვის რამდენიმე წლით მაინც 15%-იანი მოგების გადასახადი შენარჩუნდეს.
მისი თქმით, მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოგების გადასახადის 5%-ით გაზრდა საფინანსო სექტორზე გავლენას მოახდეს, თუმცა ყველაზე მეტად ეს ტვირთი მიკრობანკებად გარდაქმნის პროცესში მყოფ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დააწვებათ.
„რა თქმა უნდა, ესტონური მოდელის არამოქმედება სექტორისთვის არ არის კარგი. თუმცა მიკრობანკობის კანდიდატი მიკროსაფინანსოები ყველაზე რთულ მდგომარეობაში იქნებიან, რადგან მოგების მარჟა როგორც ბანკებთან, ასევე ზოგადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალო მოგებასთან შედარებით დაბალია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, მივმართოთ მთავრობას ინიციატივით, რომ ასეთი ორგანიზაციების მიკრობანკად გარდაქმნის პირველ ეტაპზე ანუ საწყის წლებში მაინც, მოხდეს ისე, რომ მოგების გადასახადის ძველი, ანუ 15%-იანი განაკვეთი შენარჩუნდეს“, — განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.