სახელმწიფო აზარტული თამაშების სექტორისთვის რეგულაციების მეორე ტალღას იწყებს. ონლაინ აზარტული თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებელი წესდება. გარდა ამისა, იზრდება ჯარიმების მოცულობა. მიუხედავად იმისა, რომ სექტორისთვის წესები გამკაცრდა პირველი მარტიდანაც, ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ლაშა პიტნავა ამბობს, რომ 2022 წელს სექტორის ბრუნვა კიდევ გაიზრდება. პიტნავამ ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა და ,,პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„საქსტატის მონაცემებით, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა ნამდვილად გაზრდილია. 2021 წლის მონაცემებით 48 მლრდ იყო ბრუნვა, 2020 წელს 32 მლრდ, 2022 წელს კი, მეტი იქნება. ამაზე მეტყველებს ბიუჯეტის შემოსავლები. სათამაშო ბიზნესის გადასახადი შედგება 3 კომპონენტისგან, სანებართვო მოსაკრებელი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და გადასახადები, რაშიც შედის მოგება, ქონება დღგ და ა.შ. 2019 წელს ჯამში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალი იყო დაახლოებით 422 მილიონი წინასწარი მონაცემებით, პანდემიურ 2020 წელს 251 მლნ, 2021 წელს კი, 420 მლნ. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, 11 თვის მონაცემებით ჯამში ბიუჯეტში შემოსულია 563 მლნ. ერთი თვე კიდევ წინაა. სავარაუდოდ, გაიზრდება შემოსავლებიც“ - განაცხადა პიტნავამ ,,საქმეში“.