1-ელი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია აუცილებელი და საჭიროა როგორც ეკონომიკის, ასევე, ზოგადად, ქვეყნის აღდგენის თვალსაზრისით.
„მივესალმები რეგულაციებს, რომლებიც პირველი დეკემბრიდან შემოდის ძალაში მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ვფიქრობ, აუცილებელია ვაქცინაცია, რათა სექტორი სრულად აღდგეს და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“,- განაცხადა სასტუმრო „იბისის“ წარმომადგენლებმა მაკა ცხომელიძემ.
პირს „მწვანე სტატუსი“ აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად – ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარტესტი“ ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.
(NS)