თურქეთის მიწისძვრებმა ქვეყნის ეკონომიკას 84 მლრდ დოლარის ზიანი მიაყენა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg-ი მეწარმეთა კონფედერაციის და რესპუბლიკის ბიზნესწრეების წარმომადგენლების შეფასებებზე დაყრდნობით იუწყება.
ბიზნესჯგუფის მონაცემებით, თურქეთში საცხოვრებელი კორპუსების ზარალმა 70,8 მლრდ დოლარი შეადგინა, მიწისძვრების შედეგები ასევე გამოიწვევს ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას 10,4 მლრდ დოლარით, ხოლო შრომის ზარალი თურქეთის ეკონომიკას $2,9 მლრდ დაუჯდება.
Bloomberg-ის მასალაში აღნიშნულია, რომ კონფედერაციის შეფასებები სხვა ეკონომისტებთან შედარებით უფრო მაღალია. ბევრი ექსპერტი ასევე თანხმდება, რომ ახლა ნაადრევია ლაპარაკი სტიქიის საბოლოო შედეგებზე.
8 თებერვალს თურქულმა გამოცემა NTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქულმა საფონდო ბირჟამ 24 წლის განმავლობაში პირველად შეაჩერა ვაჭრობა 14 თებერვლის საღამომდე, რათა თავიდან აიცილოს თურქული კომპანიების აქციების პანიკური განკარგვა დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ.
6 თებერვალს თურქეთში რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც 1891 ბიძგი მოჰყვა, თურქეთის მთავრობის კატასტროფების მართვისა და პრევენციის ორგანოს (AFAD) ცნობით.
12 თებერვალს თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.