დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქული ლირა და აქციების ფასი რეკორდულად ეცემა. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18.8 ლირას მიაღწია, რაც ათწლეულის უმაღლესი მაჩვენებელია. ქვეყნის ძირითადი საფონდო ნიშნული 4.6%-ით დაეცა, ხოლო საბანკო - 5%-ზე მეტად.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, ხუთწლიან ჭრილში ლირის 80%-იანი გაუფასურება მთავრობის ეკონომიკური და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული. რეკორდულად მაღალი ინფლაციის მიუხედავად ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 150 საბაზო პუნქტით, 10.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.
ანალიტიკოსები წერენ, რომ თურქეთის ბაზარი გეოპოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა. არსებობს მინიშნებები, რომ შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დაცვის კუთხით ზომებს უფრო გაამკაცრებს, რაც თურქეთზე წნეხს გაზრდის. ვაშინგტონმა უკვე გააფრთხილა ანკარა რუსეთში ქიმიური ნივთიერებების, მიკროჩიპების და სხვა პროდუქტების მიწოდების შესახებ.