თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს და ამას შენარჩუნება სჭირდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.
„ორშაბათიდან, უკვე საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მთავარი არის ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობა, მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა მოწესრიგდა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული. სკოლა არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლებში 15 თებერვლიდან განახლდება.
imedinews.ge