„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება, ასევე ბიზნესის კეთების, გამჭვირვალობის რეიტინგები, კორუფციის აღქმის ინდექსი - თითოეულ ასეთ რეიტინგში საქართველოს დადებითი პოზიციონირება და ჩვენი წინსვლა, რომელიც ყოველწლიურად ფაქტია, ნიშნავს იმას, რომ გზა, რომლითაც მივდივართ და რეფორმები, რომელთაც ვატარებთ, აბსოლუტურად სწორი და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის მე-11 ნომერმა, მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ნებისმიერი - როგორც გარე, ისე შიდა ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე და ამ ფაქტორებში, ცხადია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აფასებს ქვეყანას, როგორ უყურებს სახელმწიფოს ის ავტორიტეტული ორგანიზაციები თუ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც მისაბაძი მაგალითია როგორც ბიზნესის კეთების, ასევე, კანონის უზენაესობისა და სხვა მიმართულებებით. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ მსგავს რეიტინგში დაწინაურება დადებითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საინვესტიციო გარემოზე“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს. საქართველო 2019 წლის ანგარიშში მე-9 ადგილს იკავებდა.
imedinews.ge