კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით, - ამის შესახებ გავლენიანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Ryan Strategic Advisory“-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“.
გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ანგარიში სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ მიმართულებასთან - „Invest in Georgia“ თანამშრომლობით გამოაქვეყნა.
„აღსანიშნავია, რომ ანგარიში გამოქვეყნდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია - „'Concentrix“-ის საქართველოში შემოსვლიდან რამდენიმე დღეში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს პოტენციალს, რომელსაც უკვე წამყვანი საერთაშორისო კომპანიები აღიარებენ,“- განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.
ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების „Outsourcing“-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.
„სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა Concentrix; Majorel და EPAM“, - ნათქვამია Ryan Strategic Advisory-ის ანგარიშში.