12 მარტს ბათუმის ბულვარში ძლიერი ქარის გამო გადაყირავებულმა ბატუტმა 9 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. მძიმედ დაშავებულ მის 3 წლის ძმას კი სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა დასჭირდა.
ვის ევალება საქართველოში არსებული ატრაქციონების უსაფრთხოების კონტროლი და დამოკიდებულია თუ არა ბავშვების სიცოცხლე ერთეული ადამიანების კეთილსინდისიერებაზე, მოხერხებულობაზე თუ უბრალოდ გამართლებაზე?
როგორც „კომერსანტს“ ბათუმის ბულვარის წარმომადგენელმა განუცხადა, ბულვარის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს ბატუტის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დაცვის კონტროლი. აღნიშნული წესებისა და ნორმების დაცვა, ასევე მონიტორინგი, ობიექტების მესაკუთრის ვალდებულებაა.
„კომერსანტის“ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ატრაქციონების ინსპექტირება სახელმწიფო ტექნიკური და უსაფრთხოების სააგენტოს მოვალეობაა.
სახელმწიფო ტექნიკური და უსაფრთხოების სააგენტოს მოვალეობებში კი არის აღნიშნული, რომ მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, მათ შორის ატრაქციონების ინსპექტირება მათ ევალებათ, თუმცა არაა დაკონკრეტებული ამაში შედის თუ არა იმ ტიპის ატრაქციონები, რომელიც ბათუმში დაზიანდა. აღნიშნული ატრაქციონს გასაბერ ბატუტად მოიხსენიებენ და გარდა ბატუტისა წინაღობების დაძლევის და ჩამოსრიალების ფუნქციაც აქვს. „კომერსანტმა“ სააგენტოს შესაბამისი კითხვებით მიმართა, უწყებაში განაცხადეს, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ჩვენ კითხვებზე პასუხს შეძლებისდაგვარად სწრაფად გასცემენ.
ჯერჯერობით კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები: რა პირობებით გაიცემა ატრაქციონებზე ტერიტორია, რამდენად კომპეტენტური პირები ამონტაჟებენ და უტარდება თუ არა პერიოდული ტექნიკური დათვალიერება.
„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და სახელმწიფო ტექნიკური და უსაფრთხოების სააგენტოს პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.