ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იყოს სავალუტო ფონდის მოსაზრებები ამ მიმართულებით, — განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, ეროვნული ბანკის კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას გულისხმობს.
მისი თქმით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი უმრავლესობის მიერ თავიდან უნდა იყოს განხილული.
„ვფიქრობ, ეს კანონპროექტი უმრავლესობის ჯგუფში კიდევ თავიდან უნდა იყოს განხილული. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იყოს სავალუტო ფონდის მოსაზრებები. თუმცა გადახრა, რომელიც ამ კანონის პირობებში მოხდა, ეს პირობითი გადახრა იყო წლის ბოლომდე, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სავალუტო ფონდის პოზიციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რომელიც მათ გამოთქვეს თავის გავრცელებულ განცხადებაში“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეუძლია განუსაზღვრელი ვადით. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს რამდენიმე დღის წინ ვეტო დაადო.