„როდესაც საუბარია იმაზე, რომ წლის ბოლომდე ბაზარზე არსებულ ყველა მედიკამენტზე რეფერენტული ფასები უნდა დაწესდეს ეს გადაწყვეტილება ნაადრევად მიმაჩნია“ - ასე გამოეხმაურა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასის დადგენას. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება კონკურენტულ გარემოში არასწორია და კომისიაში ჩართულმა ექსპერტებმა ამა თუ იმ კომპანიის მიერ შემოტანილი მედიკამენტების ფასი არ უნდა გადაწყვიტონ.
„ვთვლი, რომ რა რეგულაციებიც ჩვენ სექტორში მოქმედებს საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელს ხარისხიანი მედიკამენტი მიეწოდოს და თუ ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ რეგულაცია შემოვიდეს ფასების კონტროლის მექანიზმით, ამაზე სიმართლე გითხრათ ვერც ვხვდები რა გამკაცრებაზეა საუბარი, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ჯანდაცვის სამინისტრომ. თუ საუბარია იმაზე, რომ კომპანიებს დაუწესდეს რაღაც შეზღუდვები, საკმაოდ რთული და ტევადი თემაა, ამაზე მუშაობაა საჭირო და თუ ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს, ჯერ ამაში სექტორი ჩართული არ არის.
ზოგადად რეგულაციები და ჩარევები რისკის ფასად და საზოგადოების დაზიანების ფასად არ უნდა მოხდეს. მოდით ბიზნესსაც ნუ გავაქრობთ და ნუ შევქმნით ისეთ გარემოს, რომ თავიანთ საქმიანობას ბოქლომო დაადონ და ბაზარი დატოვონ,“ - აღნიშნა ლევან გოგიბერიძემ.