პარლამენტის შენობის შესასვლელთან ბიუროს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც 5 ივლისს იძალადა და ძალადობა წაახალისა.
ადგილზე მისულები იყვნენ სხვადახვა არხის ჟურნალისტები და აქტივისტები. მათ შორის იყვნენ "მთავარი არხის" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და "ფორმულას" წამყვანი ვახო სანაია.
აქტივისტების ნაწილმა დასჯის მოთხოვნის შესახებ პლაკატები პარლამენტის შენობას, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მიაკრა.
ჟურნალისტების ერთი ნაწილი მთავრობის და პრემიერის გადადგომას 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო ითხოვს. ამ დღეს სიძულვილის ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. პოლიციამ ვერ შეძლო მათი დაცვა. ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში კი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. სწორედ ამის გამო, 11 ივლისიდან ჟურნალისტებმა დაიწყეს აქციებისა და პერფორმანსების გამართვა პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
"რადიო თავისუფლება"