„მოძრავი საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ეწვია. ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დამზადებული საინფორმაციო ბრენდირებული ავტობუსი, რომელიც ტურისტული მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსი მთისა და ზღვის კურორტებზე, რეკრეაციულ სივრცეებში, გამოფენებსა და ფესტივალებზე დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ტურისტული ადგილმდებარეობის, შავიზღვისპირეთში გასართობი აქტივობების, მუნიციპალური პროექტების: „ჩაის გზა“, ,,ჩხავერის ისტორია“ და გურული ფოლკლორის მასტერკლასები, მასპინძელი საოჯახო სასტუმროებისა თუ ადგილობრივი კულტურის შესახებ.
„ავტობუსი აღჭურვილია პროექტორით და ეკრანით. პროგრამის მიზანია, არა მარტო უხცოელ ტურისტებს მიაწოდოს ინფორმაცია, არამედ ხელი შეუწყოს შიდა ტურიზმის განვითარებას.
საინფორმაციო კამპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ეკონომიკისა და ქონების სამსახურის ხელმძღვანელის, ალეკო მამეშვილის, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით და ადგილობრივი გიდების დახმარებით განხორციელდა.
პროექტი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიდან დაიწყო და გურიის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაგრძელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მადლობას უხდის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.